პრეზიდენტს საქმიანობისთვის კიდევ აქვს დარჩენილი რამდენიმე თვე, მე ინტერესით ველოდები, როდესაც ის შეაჯამებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრაველესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, საპრეზიდენტოდ მის კანდიდატურასთან დაკაშვირებით, თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილმა პრაქტიკულად თქვა, რომ დედამიწა ტრიალებს მის გარშემო. „შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, პრეზიდენტს ასეთი განცხადება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოსწიოს. „საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გუნდში არის არაერთი ადამიანი, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეუძლიათ გამარჯვება და ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პოზიციას გავაჟღებთ.
მე მოგნი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ გვაჩქარებს თავის გეგმის მიხედვით. ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით ვადები და გეგმა, რომელსაც არ შევცვლით მარგველაშვილის განცხადებების შედეგად. არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის შესაბამისად და ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს დაასახელებს.