ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც საერთო მტრის, თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო, - ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა მენეჯერმა, კორი ლევანდოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბძოლით იჩენს.
„მე პრეზიდენტის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი. მჯერა, რომ მას ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს. ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო საერთო მტრის, თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით. ვფიქრობ, ეს სწორ ნაბიჯად ფასდება, თუმცა, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ის, თუ ვინ გახდება ნატო-ს წევრი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ როცა ქვეყნები აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ, იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ, ვფიქრობ, ეს მათ ერთგულებას ადასტურებს იმ გლობალური გუნდის წევრობის მიმართ, რომლის ყველა წევრი ერთი მიმართულებით მიდის. პრეზიდენტის ნაცვლად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ლიდერები აფასებენ ამ ერთგულებას”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ინტერვიუში საუბარი ასევე შეეხო იმას, რომ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს.
„ეს იმიტომ, რომ მათ ესმით ის, რომ თუ დადებ პირობას და თუ გსურს იყო რაღაცის ნაწილი, ეს პირობა უნდა შეასრულო. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი. მაგრამ ისინი პირობას ასრულებენ. მაგალითად, პოლონეთმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და თავდაცვაზე არა 2%-ის, არამედ 2.5 პროცენტის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს არის ქვეყნები, რომლებსაც იმედი მაქვს მხარს დავუჭერთ ტექნოლოგიებით, იარაღით, რესურსებით და ტრეინინგებით. ამით შეეძლება ამერიკას მათი პარტნიორობა. ქვეყნები, რომლებიც დადებულ პირობებს ასრულებენ ის ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენ დავეხმარებით”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.