მთავრობა ერთი მესამედით განახლდა, რაც მცირერიცხოვან ცვლილებას არ ნიშნავს - ცვლილება საკმაოდ მრავალრიცხოვანია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ მამუკა ბახტაძის მინისტრთა-კაბინეტი სულ 12 მინისტრისგან შედგება, ამათგან ახალია თავად პრემიერ-მინისტრი და ასევე, წარმოდგენლია სამი ახალი მინისტრი. თუკი ამას რაოდენობრივი თვალსაზრისით შევხედავთ, მთავრობის ერთი მესამედი სრულად განახლებულია“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დარჩენის საკითხს, ქუცნაშვილის თქმით, “არ იქნება სწორი მთელი პასუხისმგებლობა წულუკიანს დაეკისროს“.
“მე არ ვამბობ, რომ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს უნდა დაეკისროს. ჩვენი მოქალაქეები იუსტიციის სისტემაში ერთდროულად ხედავენ იუსტიციის სამინისტროსა და მის ქვეშ არსებულ ყველა უწყებას, ასევე ხედავენ პროკურატურას, საპროკურორო საბჭოს, საერთო სასამართლოებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ დროს ეს ასე არ არის. თეა წულუკიანი არ არის არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არც საერთო სასამართლოების და არც პროკურატურის უშუალო უფროსი. ამ სფეროებში არის პრობლემები, მაგრამ პასუხისმგებელი მხოლოდ თეა წულუკიანი ვერ იქნება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.
რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.