მინისტრთა-კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობას ჩვენ ვიზიარებთ და წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი მინისტრობის კანდიდატები მან გუშინ გაიცნო.
“მათ აქამდე არ ვიცნობდი. გააკეთეს მცირე პრეზენტაციები. ჩემზე გამორჩეულად დადებითი შთაბეჭდილება მიხეილ ბატიაშვილმა დატოვა. მინისტრების შერჩევა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და მხარსაც დავუჭერთ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: - განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.
რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.