რეფორმების მხრივ თქვენს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
მან ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„რეფორმების მხრივ, თქვენს მიერ მიღწეული პროგრესი ჩვენთვის შთამბეჭდავია და მოგიწოდებთ ამის გაგრძელებისკენ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აძლიერებს თქვენი ქვეყნის რეფორმების ძალისხმევას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის მოხარულია პოლონეთში ნატო-ს საწვრთნელ ცენტრსა და თბილისის მახლობლად მდებარე ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.
„ველოდები, რომ მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს წვრთნებში მოკავშირეების ფართო ჩართულობა იქნება. ასევე, მადლობას გიხდით შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაში თქვენს მიერ შეტანილი წვლილისთვის. ეს არის სტრატეგიული რეგიონი, სადაც ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს.
„და ბოლოს, გილოცავთ თქვენს სწრაფვას, შეასრულოთ ნატო-ს გზამკვლევი, რაც გულისხმობს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვას. ბატონო პრეზიდენტო, მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იმყოფებით აქ, ნატო-ს ლიდერებთან. ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძლიერია, როგორც არასდროს“, – მიმართა იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილს.