პროკურატურის წინაშე ორი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი

პროკურატურის წინაშე ორი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას – საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი.

ამის შესახებ შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

თადუმაძის თქმით, მას აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები როგორც ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად, ისე სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

„იმ ფონზე, რა გამოწვევაც არსებობს დღეს საქართველოს პროკურატურის მიმართ, სამწუხარო რეალობაა, ეს არის საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და მეორე ესაა, ის მოლოდინი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგემლი. მაქვს მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება განხორციელდეს ღონისძიებები ერთი მხრივ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მეორე მხრივ, საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოყალიბების. გეგმის მიზანია, ჩამოყალიბდეს ღია სახელმწიფო ინსტიტუტი, ვგულისხმობ ერთი მხრივ, პროკურატურას, რომელიც საზოგადოებისთვის ღიაა იმ კანონის ჩარჩოებში, რაც დადგენილია. ეს ღიაობა აუცილებელია, პროკურორი უნდა იყოს თავდაჯერებული გადაწყვეტილებებში და თავდაჯერებულობა ეს არის ერთი მხრივ, კვალიფიციურობა და მეორე მხრივ, მხარდაჭერა მისი გადაწყვეტილებების, რადგან პროკურორს არაფერი აქვს გადაწყვეტილებებზე საზრუნავი გარდა იმისა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს კანონით და მტკიცებულებით. თუ ეს ორი ეს ორი კომპონენტი გამოყენებული აქვს მას თავის გადაწყვეტილებაში, ის უნდა იყოს თავდაჯერებული, რომ ნებისმიერ დონეზე იქნება დაცული და უზრუნველყოფს, რომ პროკურატურა იქნება სამართლიანი. თუ ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული, ბუნებრივია, მაშინ პროკურატურას ექნება მაღალი ნდობის ხარისხი და მაშინ პროკურატურა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის განცდას. ვფიქრობ, ეს მარტივი მისაღწევი იქნება, თუ პროკურორები, როგორც ერთი გუნდი, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორი საქმიანობის წესით უნდა გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.