ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მოვუწოდებთ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც მან განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე, – ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში.
„მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანა; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და შეწყვიტოს საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ნატო-ს წევრები ასევე გმობენ ყირიმის უკანონო ანექსიას და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და გაიყვანოს ძალები მოლდოვის ტერიტორიიდან.