მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს

მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს, საპატიმროში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს. ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„მიმდინარე წლის 10 ივლისს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ბატონმა მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის განცხადება, რომლის თანახმადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს მღვდელმთავრებთან შეხვედრას და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას, რაც კი მის მიმართ არსებობს და დღემდე პასუხგაუცემელია.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განსაკუთრებით სურს მეუფე გრიგოლთან შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას და მზაობას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოისმინოს მისგან ის დამატებითი ინფორმაცია, რაც (პატიმრის სიტყვის მიხედვით) დღემდე პასუხგაუცემელია.

იმის გამო, რომ ამ საქმისადმი საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, მეუფე გრიგოლი პასუხს გასცემს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან (თუ ეს თვით მამა გიორგის სურვილი იქნება), ასევე, საზოგადოდ, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მსჯავრდებული დეკანოზის სურვილი, სასულიერო პირებს შეხვდეს, გუშინ გააჟღერა.