შალვა თადუმაძე იქნება იმის გარანტი, რომ პროკურატურა არასდროს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო

შალვა თადუმაძე იქნება იმის გარანტი, რომ პროკურატურა არასდროს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო

დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე იქნება იმის გარანტი, რომ პროკურატურა არასდროს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ მთავარი პროკურორის კანდიდატების კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირმა ჭკადუას შეფასებით, მან თადუმაძისგან მოისმინა ის ხედვა, რომელიც პროკურატურის საქმიანობას წაადგება.

„მთავარი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ შალვა თადუმაძეს აღმოაჩნდა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, ვიდრე ზოგადად პროკურატურაში დღემდე არსებობდა. განსხვავებული ხედვა და მისი გეგმები უკავშირდება მეტ გახსნილობას, მეტ დამოუკიდებლობას თითოეული პროკურორის და რაც შეიძლება მეტ საკანონმდებლო ინიციატივას იმისთვის, რომ პროკურატურაში არ იყოს ის პრობლემები, რაც არსებობდა და რის გამოც ბევრი კითხვა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბატონმა შალვა თადუმაძემ გააჟღერა ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის ირგვლივ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 52 ათასი საჩივარი არსებობს და მათთან დაკავშირებით მას აქვს აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი, სადაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართ აღდგეს სამართლიანობა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

შეგახსენებთ, მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ შეარჩიეს. 

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.