„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება - „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა ამ პარტიის იმიჯს, ახლა ეს შანსი დაკარგა

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება - „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა ამ პარტიის იმიჯს, ახლა ეს შანსი დაკარგა

„ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს და რაც ხალხს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს თავის თავზე არ აეღო, ახლა ეს შანსი დაკარგა, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს. 

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება.

„ეტყობა, მემორანდუმი „ევროპის სახალხო პარტიის“ რჩევით გაფორმდა. მათ მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გააძლიერებს, მაგრამ უცხოელების რჩევას ის სპეციფიკა აქვს, რომ ადგილზე არსებულ ვითარებას არ ითვალისწინებენ. სახალხო პარტიაც არ ითვალისწინებს საქართველოში მომხდარ მოვლენებს. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება; მიტინგსაც კი არ ეკარებიან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანს. 

„ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს და რაც ხალხს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს თავის თავზე არ აეღო, ახლა ეს შანსი დაკარგა. სანახევროდ და სტრატეგიის გარეშე იდგმება ნაბიჯები, იმ წუთას გაჩენილი განწყობების ფონზე“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მემორანდუმში შეთანხმება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაა, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, მეორე ტური საერთოდ არ იყოს. 

„ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისის მერის არჩევნებშიც კი, უპარტიო კანდიდარტმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ომახიანი კანდიდატი უკან მოიტოვა და მეორე ტური არ შედგა. კიდევ უფრო მძაფრი იქნება ეს დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის დროს. არის დიდი შანსი, რომ მეორე ტური საერთოდ არ იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის ინიციატივით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კერძოდ: 1. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ; 2. კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან. 3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.