სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დანაშაულის ყველა შესაძლო ვერსია მოწმდება. ყაზარაშვილის განმარტებით, ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ სასამართლოში გაჟღერებულ მკვლელობის ვერსიაზე გამოძიება ჩატარდება.
„ვერსია ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებული გამოიკითხება და ყველა შესაძლო ვერსია გამოძიების პროცესში გადამოწმდება. მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამ პირთა მიმართ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა პროკურორმა
ამასთან, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით საქმეზე გარკვეული მტკიცებულებები არაა მოპოვებული.
"გეთანხმებით, რომ დღეის მდგომარეობით გარკვეული მტკიცებულებები არ არის, თუმცა საქმეში არსებული მასალების ანალიზით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რა თქმა უნდა, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. რაც შეეხება იმ ექსპერტიზებს, რომელიც დასანიშნია, მათი ნაწილი უკვე დანიშნულია და ეს დასკვნებიც დაერთვება საქმეს", - განაცხადა ყაზარაშვილმა.