გადაწყვეტილია, რომ 12 ივლისს ნატო-ში, უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე იქნება შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა იქნება საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში ჩვენ გვექნება ასეთი სახის შეხვედრა. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პრობლემატიკასთან მსჯელობის საკითხებზე. გარდა ამისა, ველით მნიშვნელოვან პროგრესს - პირველად, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში კონკრეტულ თემატიკაზე, კერძოდ, შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე იქნება მსჯელობა ნატო-ს ფორმატში“, - განაცხდა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-შო ინტეგრაციის კუთხით.
„ასევე, ველით, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი მოლოდინი სამი მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ნატო-ს სამიტამდე არაერთხელ განგვიცხადებია, შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია და ვფიქრობ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.
კითხვაზე - კომუნიკეში საქართველოს საკითხის აღნიშვნის გარდა, იქნება თუ არა ცალკე განცხადება მიღებული, ზალკალიანის ვარაუდით, ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგი იქნება.
„მუშაობა მიმდინარეობს, ესაა სამუშაო პროცესი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან აქტიური ჩართულობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა ზალკალიანმა.