არ შეიძლება პირის დაკავება იმის მიხედვით მოხდეს, ვინ რა სიით გამოვა აქციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ბესელიამ განმარტა, ადამიანის დაკავებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული სამხილები და მირზა სუბელიანის დაკავებაც მას შემდეგ მოხდა, რაც გამოძიებით დადასტურდა სუბელიანის მხრიდან შეუტყობინებლობის ფაქტი.
ამასთან, ბესელიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, ვის როდის მოუსმენს პარლამენტის საგამოძიებო კომისია.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ხვალისთვის დაგეგმილია შემდგომი სხდომა. პარლამენტში მოტანილია საქმის მასალები და დაწყებულია საქმის შესწავლა. საკმაოდ ფართო იქნება იმ პირთა წრე, ვისგანაც კომისიას შეეძლება ინფორმაციით მიღება. ხვალ იქნება ცნობილი სავარაუდო გრაფიკი, ვის როდის შეიძლება მოუსმინოს კომისიამ“, – აღნიშნა ბესელიამ.