აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, „სინგაპურში ხელმოწერილი დოკუმენტი ყოვლისმომცველია“. მისივე თქმით, „ძალიან მალე დაიწყება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პროცესი“.
„აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ამიერიდან განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობებისგან, რაც აქამდე გვქონდა“, - აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო დიდ ცვლილებებს დაინახავს ისტორიული სამიტის შედეგად“.
ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის თუ რა დოკუმენტს მოეწერა ხელი, თუმცა აშშ-ს დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, რომ ამ დოკუმენტით შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების გამყარება მოხდება.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია ძალიან მალე დაიწყება.