“ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს და აცხადებს, რომ მისმა იურისტებმა ამისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
როგორც შალელაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მას ბიძინა ივანიშვილთან რამე სახის ბიზნეს ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და არ აქვს.
რაც შეეხება მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც შალელაშვილმა აღნიშნა, მისი ვაჟი მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში, იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და ელის სასამართლო გადაწყვეტილებას. შალელაშვილი ამბობს, რომ “ყველა მონაცემით ის უნდა გამართლდეს“.
გარდა ამისა, დღეს შალელაშვილმა განაცხადა, რომ “საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან, რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“.
“სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი “რუსთავი2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა “აფერისტი რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილი ამას ვაფასებ, როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი - ჩემმა იურისტებმა დიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა შალელაშვილმა.