ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალები უმოკლეს ვადაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომისიისთვის, უწყებებში წერილები უკვე გაიგზავნა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალები უმოკლეს ვადაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომისიისთვის, უწყებებში წერილები უკვე გაიგზავნა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალების გამოთხოვის მიზნით, დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიიდან შესაბამის უწყებებში წერილები უკვე გაიგზავნა, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მასალებს კომისია უმოკლეს ვადაში მიიღებს, რომ მათი  შესწავლა და გამოკვლევა დროულად დაიწყოს.

„წერილი გაიგზავნა ყველა შესაბამის უწყებაში, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე მასალები მოვიდეს ჩვენთან კომისიაში. საუბარია ერთ-ორ დღეზე. ვინმეს თუ რამე ილუზია აქვს რომელიმე უწყებაში, რომ მასალას არ მოგვცემს ან დაგვიგვიანებს, ეს უნდა დაივიწყოს ყველამ. უმოკლეს ვადაში, ერთ-ორ დღეში ყველა მასალა იყოს ხელმისაწვდომი კომისიისთვის აქ, პარლამენტში“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, პროკურატურის საქმის მასალები 14 ტომისგან შედგება და კომისია ეცდება, მოცულობითი საქმე რაც შეიძლება მალე შეისწავლოს.

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომაზე დამტკიცდება დებულება და განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კომისიის მიერ გამოსაკითხ პირთა დაახლოებითი სია.

ამასთან,  სერგი კაპანაძე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდა. როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, შეხვედრა სარალიძის სახლში დღეს დილით შედგა.  საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ  კი, სარალიძე პარლამენტში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა.