ანგელა მერკელი ევროკავშირისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ანგელა მერკელი ევროკავშირისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ მან „ევროპული სახალხო პარტიის“ ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შექმნილ ვითარებაში ევროკავშირმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ადგილები უნდა დაიკავოს. ამ ადგილების ევროპეიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. იმის ფონზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს, ევროკავშირი უფრო ერთიანი უნდა გახდეს და განვითარება განაგრძოს. ნატო-ში აშშ-სთან არსებული უთანხმოება, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან დონალდ ტრამპის გამოსვლა, ტრანსატლანტიკური სავაჭრო თანამშრომლობის გარშემო შექმნილი კონფლიქტი - ეს ყველაფერი მსოფლიო წესრიგის რეორგანიზაციაზე მიუთითებს. ამ სიტუაციაში ევროკავშირმა ახალი და უფრო ქმედითი როლი უნდა მოძებნოს. თუ ევროპას გლობალური მოთამაშის სტატუსი სურს, მან უნდა იმოქმედოს ისე, როგორც გლობალურმა მოთამაშემ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.