ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, პირველი რიგში კომისიაში უნდა შეთანხმდნენ ტექნიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ ვის იბარებენ და როდის.
„ფაქტობრივად, ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას. ტექნიკურ საკითხებს გავივლით, ვის ვიბარებთ და როდის ვიბარებთ. ამ კვირაშივე დავიწყებთ დაბარებას კონკრეტული ადამიანების, რომელთა მოსვლაც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. საქმის მასალებთან დაკავშირებით, დღესვე გაიგზავნება წერილები და ყველა მასალა იქნება გამოთხოვილი. ნაწილი მასალები იქნება გაცნობილი ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, რომ იმუშაოს კომისიასთან მთელი სერიოზულობით და ყველა ჩვენ მოთხოვნილ მასალას მოეკიდოს სერიოზულად, ყველანაირი ვადების გაწელვის გარეშე. საზოგადოებრივი დაკვეთა არის, რომ კომისიას ჰქონდეს მუშაობის მოკლე ვადა და რომ ყველა ინფორმაცია იყოს მიწოდებული დროულად, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, არავის ექნება ილუზია, რომ გაუვა ხელის შეშლა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა.