პრემიერის შეხვედრა პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, არასწორი იქნებოდა

პრემიერის შეხვედრა პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, არასწორი იქნებოდა

ადამიანები, ვინც ბავშვის მამასთან ერთად პრემიერთან შესვლას ცდილობდნენ, პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი სუბიექტური მიზნებისთვის იყენებენ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მათთან შეხვედრა არასწორი იქნებოდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია აღნიშნულ დანაშაულს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი.

„მე ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ხელისუფლების სახელით . გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი, რომ მძიმე დანაშაულს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი. ყველა დეტალს, რომლიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკოსები ამ საქმეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ბავშვის მამასთან ერთად, ზუსტად ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი სუბიექტური, პლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური საქციელი. პრემიერ -მინისტრის მათთან შეხვედრა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. შესაბამისად, პრემიერ მიისტრის პიზიცია არის სწორი”,-განაცხადა მან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს.

ცოტა ხნის წინ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაურეკა ზაზა სარალიძემ და სთხოვა მისულიყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილმკვდარ მშობლებთან ერთად. ადგილზე სხვა პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.