რუსეთში ქალაქ კრასნოიარსკში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) 11 პირი დააკავა, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი. ასმის შესახებ ინფორმაციას ФСБ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული პირები სირიასა და ავღანეთში ტერორისტებისთვის „ბოევიკების“ დაქირავებას ახორციელებდნენ.
„აღკვეთილია რელიგიური ქსელის საქმიანობა, რომელიც ორიენტირებული იყო ერთ-ერთი ტერორისტული სტრუქტურის იდეოლოგიაზე, რომელთა წევრები ტერორიზმის პროპაგანდას ახორციელებდნენ. ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ФСБ-ს თანამშრომლებმა აღნიშნული ქსელის 11 პირი დააკავეს. ორი მათგანი კრასნოიარსკში ყირგიზეთიდან ჩამოვიდა. ისინი რადიკალურად განწყობილი პირების სირიასა და ავღანეთის ტერიტორიაზე გაგზავნას კურირებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ვიდეორგოლების მეშვეობით ტერორიზმის პროპაგანდას ავრცელებდნენ.