დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, რომ შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა, - ამის შესახებ დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მიიღეს პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება - ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე - შეუტყობინებლობის ნაწილში.
„როგორც გვითხრეს, ამ საქმეების გამოძიება გაერთიანდება. გადაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები და უახლოეს პერიოდში რაღაც გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდეთ. მართალია ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგა და მსჯავრდებული გამოვლენილია, თუმცა დავით დადუნაშვილის სურვილია თანადგომა გამოუცხადოს ზაზა სარალიძეს და მისი შვილის მკვლელების გამოვლენის მიზნით იგივე მოქმედებები განახორციელოს, რასაც განახორციელებდა თავისი შვილის მკვლელის დასადგენად“, - განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს დავით დადუნაშვილს, მის ადვოკატს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.