„სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომლებზეც გავეცი პასუხი. ყველა სხვა კითხვას უკვე სამართალდამცველები უპასუხებენ“, – ამის შესახებ მიხეილ ხიდაშელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა. ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე თითქმის 10 საათს იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისი სახელი ახსენა. კერძოდ. კუპრავას თქმით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმებოდა.
ზვიად კუპრავამ მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა, სადაც სავარაუდოდ მისი და აქციის მონაწილეების საუბარი ისმის.
კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ სამართალდამცველებს, ხიდაშელს მედიასთან არ დაუკონკრეტებია.