ნინო გიორგობიანი: მიშა ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია

ნინო გიორგობიანი: მიშა ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია

მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია. არც ვატო ლებანიძე არის სუს-ის თანამშრომელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა, - ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

როგორც კუპრავამ აღნიშნა, აქციაზე პროვოკაციებია მოსალოდნელი. „ცოტა ხნის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ სუს-ის პროვოკატორები აპირებენ აქ პროვოკაციას. ინფორმაცია მაქვს თინა ხიდაშელის ძმისგან, რომელიც სუს-ის მაღალჩინოსანი იყო და სულ ცოტა ხნის წინ წამოვიდა სუს-იდან, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვან გავლენებს ფლობს, აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები უსაფრთხოების სამსახურში. მე პირადად ვთხოვ გახარიას, დაიბაროს დაუყოვნებლივ დაკითხვაზე, რადგან ამ პიროვნებას აქვს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროვოკაციებთან დაკავშირებით და გამოკითხონ, ვისგან და რა ინფორმაცია აქვს. ეს ადამიანი იყო აქციაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგვატყობინა. შესაბამისად, გახარიას უწყებამ ახლავე დაიბაროს. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ გამომძიებლები მოვიდნენ ჩემთან და მივცემ ინფორმაციას, თუ რაზეა საუბარი. დამკითხონ დაუყოვნებლივ“, - განაცხადა კუპრავამ. 

კითხვაზე - ხომ არ ეხება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზაზა სარალიძეს ანგარიშსწორება ემუქრება, კუპრავამ უპასუხა: „დიახ, საუბარია დაჭრაზე. ამ ადამიანმა თქვა, რომ აპირებენ დაჭრას. ეს არის პროვოკაცია. დაუყოვნებლივ დამკითხონ, ასევე, პარალელურ რეჟიმში დაკითხონ ხიდაშელის ძმაც“.

ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა თინა ხიდაშელიც, რომელმაც ასევე უარყო, რომ მისი ძმა სუს-ში მუშაობდა.