მთავარი პროკურორის გადადგომა, იყო სწორი და კაცური ნაბიჯი, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როოგორც კალაძემ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იყო ძალიან მძიმე ფაქტი და ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ზაზა სარალიძის ოჯახს, ახლობლებს. ძალიან მძიმე ფაქტია ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, რასაც მკვლელობა მოჰყვა. დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი; არის ორი არასრულწლოვანი დამნაშავე, ერთს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მეორეს 9 წელი და 9 თვე. ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი რაც მოხდა. რაც შეეხება გენერალური პროკურორის გადადგომას, ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი, კაცური ნაბიჯი. თუ არსებობს რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იცით, რომ შექმნილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც დაიწყებს გამოძიებას ამ საკითხზე, ასევე შესაბამისი სამსახურები პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა კითხვას ამომწუურავი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ ჯგუფებს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობა აქვთ, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მხრიდან ხდება ამ თემით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში, მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ რა თქმა უნდა, თავისუფლების და აზრის გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველას აქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ ძალებს, ვისაც სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, არეულობა შემოიტანონ, ამის უფლებას არავის მივცემთ. ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში.
პრემიერი იქ მისული იყო იმისთვის, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზას მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა. მათი დამოკიდებულება როგორც მოიქცნენ, ამით გამოაშკარავდა ყველაფერი, ვის როგორ უნდა გამოიყენოს ეს ტრაგედია. თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ამ ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ“, - აღნიშნა კალაძემ.