„ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია, ეს არის ჩვენი ამოცანა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელმა დისკუსიამ, მათ შორის, ოპოზიციის გამოსვლებმა, დაადასტურა, რომ კომისია პოლიტიზებული იქნება.
„პოლიტიზებული ყველა შემთხვევაში იქნება კომისია. ეს დაადასტურა დღევანდელმა დისკუსიამაც, მათ შორის ოპოზიციის გამოსვლებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქ საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების მკვლელობასთან. ამის ხელოვნურად პოლიტიზება არის ამორალური ქმედება და ჩვენ ვიხილეთ ამის სრულიად ცხადი ნიშნები, რაზეც მეც მქონდა დღეს საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის თუ სპეკულაციებისთვის ასეთი საქმის გამოყენება, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია. ეს არის ჩვენი ამოცანა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური კულტურის და მორალური ეთიკური სტანდარტების სათანადო დონეს ვერ ავლენს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუღებელია, რომ ამ აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის მკვლელები დგანან. მისივე თქმით, ეს ადამიანები ამ ტრაგედიას ვერ გამოიყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად.
„ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ აქციაზე დგანან სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები. ესენი არიან, თავში - მიხეილ სააკაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჯერ სანდრო გირგვლიანი, შემდეგ ირინა ენუქიძე. ფუთავდნენ ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანურად, მორალურად, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ეს ადამიანები დღეს მიდიან აქციაზე და პოზიციებს აფიქსირებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით,” - განაცხადა კობახიძემ.