გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. ზაზა სარალიძემ ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისკენ მოუწოდა.
„მინდა თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. როგორც ხედავთ, ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, სისტემის უკან დგას კვირიკაშვილის მთავრობა. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. სისტემას მფარველები ჰყავს. გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, - განაცხადა სარალიძემ.