თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირ N133 ა - ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა.
აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 31 მაისს მიიღო.
მიმდინარე წელს, ხუთი თვის განმავლობაში, ისნის რაიონში ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება უკვე რამდენიმე მისამართზე მოხდა, მათ შორის ყვარლის ქუჩაზე, ყვარლის შესახვევსა და უშაკოვის ქუჩაზე, ე. წ. „ფინურ“ კოტეჯში 51 ოჯახისთვის, რომლებიც აღნიშნულ მისამართებზე 50 წელია ცხოვრობენ. ასევე, მაისში სამგორის ქუჩა N16 - ში მცხოვრებ 18 შეჭირვებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.
თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ისნის რაიონში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები ჯამში 76 ოჯახს გადაეცა.
ისნის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.