უკრაინის უშიშროების სამსახური აგრძელებს ანტირუსული პროვოკაციის განვითარებას ბაბჩენკოს სიტუაციასთან დაკავშირებით

უკრაინის უშიშროების სამსახური აგრძელებს ანტირუსული პროვოკაციის განვითარებას ბაბჩენკოს სიტუაციასთან დაკავშირებით

უკრაინის უშიშროების სამსახური აგრძელებს ანტირუსული პროვოკაციის განვითარებას ბაბჩენკოს სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა შემდგომში რუსეთი დაადანაშაულოს ამაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

„პროპაგანდისტურ ეფექტზე გათვლილი ქმედებების უშუალო შედეგი გახდა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. ახლა კი ამ ინსცენირების ჭეშმარიტი მოტივები ცხადი ხდება - ეს მორიგი ანტირუსული პროვოკაციაა“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის შემდგომი ქმედებები ნათელია.

„რა თქმა უნდა, ისინი განაგრძობენ ამ პროვოკაციის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ოფიციალურმა მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ უცხოური პარტნიორები და საერთაშორისო ინსტიტუტები შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებასთან დაკავშირებით. 

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალი აღმოჩნდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს. ასევე, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული იყო ბაბჩენკოს მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი.