ტყიბულში დღეს უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით ხდება.
„უკრაინიდან ექსპერტებს დღეს ველოდებით. მათ უნდა დადონ დასკვნა 5 აპრილს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამავე დროს უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაძლებელია თუ არა ტყიბულში იმ დონეზე მოხდეს გადაიარაღება, რომ შრომა უსაფრთხო იყოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი პეტრიაშვილმა.
პარალელურად სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით, ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს. თუმცა, როდის ჩაერთვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები სამუშაოებში ამ ეტაპზე უცნობია.
მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.