უკრაინელმა ჟურნალისტმა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილება გამოაქვეყნა

უკრაინელმა ჟურნალისტმა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილება გამოაქვეყნა

უკრაინელმა ჟურნალისტმა ტატიანა ვისოცკაიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილება გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა აღნიშნული დადგენილება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ 8 დეკემბერს უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის ძებნის დეპარტამენტმა ინფორმაცია მიიღო, რომ სააკაშვილი შეიძლება იმყოფებოდეს ოტრადნოეს გამზირზე მდებარე ბინაში.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა საგამოძიებო ქმედებების ჩატარება შეუძლებელია „საგნების, დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების განადგურების, შეცვლის ან დამახინჯების რისკის და ეჭვმიტანილი სააკაშვილის გამოძიებისგან თავის არიდების რისკის გამო“.

გენერალური პროკურატურის გამომძიებელი ასევე ასაბუთებს ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას.

„მოცემულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა გადაუდებელია და პირის უშუალო დევნას უკავშირდება, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში“, - ნათქვამია პროკურორი გოვორუშაკის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.