2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს საარჩევნო სისტემის საკითხი არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტს და პარტიას არ უხსენებია

2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს საარჩევნო სისტემის საკითხი არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტს და პარტიას არ უხსენებია

2010 წელს საკონსტიტუციო რეფორმა ისე ჩატარდა, რომ საარჩევნო სისტემა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, არც ერთი ექსპერტისა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან ნახსენები არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამჟამად საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი მთავარი საკვანძო თემაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში სტანდარტი ერთი ასად არის გაზრდილი.

”არავის 2010 წლის ე.წ. რეფორმის ფარგლებში საარჩევნო სისტემა არ უხსენებია. შერეული სისტემა ისე დარჩა, რომ ამაზე ვენეციის კომისიის დასკვნაში ერთი ჩანაწერი არ არის. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა აწეული საქართველოში დემოკრატიის და პლურალიზმის სტანდარტები, რომ დღეს ეს არის საკვანძო საკითხი. წარმოიდგინეთ, რა დონის ნახტომზეა საუბარი 2010 წლიდან 2017 წლამდე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.