ჩვენ ვართ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირები და გვითხრან, რა ბრალში ვიყავით ასეთში გახვეული, რომ უწმინდესი ისევ ჩვენ გვენდობა და გვავალებს ამ საქმიანობას, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოში ფინანსური პრობლემებია, რაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ქმედებებითაა განპირობებული.
„მამა გიორგის ოჯახი მუდმივად აპელირებს, რომ მამა გიორგი ამხელდა რაღაც საშინელებას, რაც საპატრიარქოში ფინანსურ პრობლემებს გულისხმობს. საპატრიარქოში შეხვედრაზე ვიყავით მე, მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი. ჩვენ ვართ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირები და გვითხრან, რა ბრალში ვიყავით ასეთში გახვეული, რომ უწმინდესი ისევ ჩვენ გვენდობა და გვავალებს ამ საქმიანობას. მის უწმინდესობას რაიმე ეჭვი რომ გასჩენოდა - ჩვენ მას ვატყუებთ, რაღაც შეცდომაში შეგვყავს და საპატრიარქოს ქონება სადღაც კუთხეებში გვაქვს მიმალული... გვითხრან ამის შესახებ. რატომ ვერ დაადგინა ეს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ?! ამას ვერც ვერავინ დაადგენს, რადგან ის არ არსებობს და ვერც დაადგენენ. დღეს 21-ე საუკუნეა და საპატრიარქოს ქონებას ვერსად ვერ დამალავს ადამიანი. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ. მცდელობა იმისა, რომ მამა გიორგი მეუფე იაკობისა და ქალბატონ შორენას მსხვერპლად გამოჰყავთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.