ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით ორი ქვეყნის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება

ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით ორი ქვეყნის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის მოსაზრებით, ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო გაძლიერდება.

როგორც ”ადამიანის უფლებათა სახლის” იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რეზოლუციის პროექტში არსებული რეალობის ასახვას ელოდება.

”აბსოლუტურად ყველასთან ვთანამშრომლობთ, რადგან ფაქტობრივად, ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩაიფარცხება და იმ კაცს დაავიწყდება, რომ ციხეში ზის. ნამდვილად არ ავიწყდება პატიმარს, რომ ციხეში ზის. რეზოლუციის პროექტში ველოდებით იმ რეალობის ასახვას, რაც გვაქვს და რაზეც არაერთხელ ვუთითებთ - გამოძიება კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურა არ იძიებს, ყოველგვარი გამოძიების გარეშე პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ სამართალდამცავთა მონაწილეობა აქ არ ყოფილა და ეს უკვე დასკვნის სახით შემოგვთავაზეს, ფაქტობრივად, ამ დასკვნას ემსახურება გამოძიება და არა სხვა რამეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საერთაშორისო ზეწოლა უფრო გაძლიერდება და უფრო ადეკვატური განცხადებები გაკეთდება მომავალში. მარტო შს მინისტრის მოადგილის გადაყენება რომ არ ეყოფა ამ საქმეს, მგონი, ამას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. მოადგილის გადაყენებით ამხელა სკანდალის გადაგორება არალოგიკურია”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

15 ივნისს, ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად განხილული იქნება აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხი.