თბილისში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მხარდაჭერების აქცია მიმდინარეობს

თბილისში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მხარდაჭერების აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს და უნდა „შეწყდეს ე.წ. ჩადებები“.

აქციას ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური გაერთიანებები. აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლებენ, სადაც თავიანთ მოთხოვნებს წამოაყენებენ. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დროულ რეაგირებას არ მოახდენს.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ დაკავებული წევრების ოჯახის ახლობლები. მათი განცხადებით, ბრალდება, რომელიც დაკავებულებს აქვთ წაყენებული, უსაფუძვლოა.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავეს. მათ გუშინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.