მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, სწორი მიდგომა არ არის

მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, სწორი მიდგომა არ არის

მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, სწორი მიდგომა არ არის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს.

ფოფხაძის თქმით, “ყველაზე სწორი მიდგომაა, ამ თანხების მიზნობრიობის განსაზღვრა“. დეპუტატი აზრით, კარგი იქნება გარკვეული სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების ეკლესიასთან ერთად განხორციელება“.

“ეკლესიის დაფინანსებას თავისი ლოგიკა ჰქონდა. საქართველოში 17 საუკუნე მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო განუყოფელი იყო. ისინი ერთად ქმნიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთად იცავდნენ სახელმწიფოს საზოგადოებას, ერთად მიდიოდნენ იმ მიზნებისაკენ, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნია. გიორგი ჭყონდიდელს და გრიგოლ ხანძთელს არავისზე ნაკლები როლი არა აქვს ნათამაშები ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში - გრიგოლ ხანძთელი რომ არ ყოფილიყო, აშოტი ვერ გააერთიანებდა ქართულ სახელმწიფოს და რომ არ ყოფილიყო გიორგი ჭყონდიდელი, დავითი ვერ მოიგებდა დიდგორის ბრძოლას. ჩვენ კარგად გვესმის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი, სოციალური და კულტურული როლი საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოს არა მხოლოდ კონკორდატი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არამედ აღიარებული აქვს მისი ისტორიული როლი“, - აცხადებს გედევან ფიფხაძე.

მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ სასულიერი პირებისათვის ჯიპების დარიგება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და გათვლას არა ეკლესიის გაძლიერება, არამედ პირადი მოტივაცია წარმოადგენდა.

“ეკლესიის ძლიერება მართლაც არის სახელწიფოს ინტერესი და სახელმწიფო სხვაგვარად უნდა მიუდგეს ამას. სწორი იქნება კონკრეტული პროექტების ერთობლივად განხორციელება. ეკლესიას მართლაც აქვს სოციალური ფუნქცია. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი სწორედ ეკლესიას არის მიკედლებული და შიმშილისგან და გაჭირვებისგან თავს ეკლესიაში იცავს. ამიტომ თუ ჩვენ სოციალურ პროექტებს, როგორიც არის “უფასო სასადილოების“ პროექტი, თავშესაფრები ან იგივე საგანმანათლებლო პროექტებს ეკლესიასთან ერთად განვახორციელებთ, ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს ფოფხაძე.

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.