რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან (VIDEO)

რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან (VIDEO)

 

თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია “იდენტობა“-ს წევრებად გამეცნენ. თქვენ აწყობთ გეიაღლუმს-მეთქი, - კითხვა შევუბრუნე და საყურიანმა გაიცინა - “ვაიმეეეე“. მის გვერდით მდგომმა გოგონამ განმიმარტა, რომ ისინი აწყობდნენ აქციას, რომლითაც აპროტესტებენ ჰომოფობიას.

ეგ ჰომოფობია რაღა არის-მეთქი და სიძულვილი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმიო, - დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი გამცეს. სად იგრძენით ეს სიძულვილი-მეთქი და ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ახლა მაგალითად, ერთმა ტაქსისტმა წამოყვანაზე უარი ამ პლაკატების და დროშების გამო გვითხრაო.

ფილარმონიასთან 15-20 ახალგაზრდა შეიკრიბა, რომელთაგან უმეტესობა კაბიანები იყვნენ, სახე ფერადი საღებავიღით ჰქონდათ შეღებილი, ხელში ეჭირათ პლაკატები: “მეც გეი ვარ“, “სიყვარული სიყვარულია“...  ამ პლაკატზე სამი ნახატი ჰქონდათ - გოგო-ბიჭი, ბიჭი-ბიჭი და გოგო-გოგო.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ჩამუქებულმინიანი შავი ფერის “ჯიპებით“ იყო სავსე. უშუალოდ აქციის მონაწილეებთან კი ის ნაცრისფერფორმიანი პოლიციელები იდგნენ (5-6), რომლებიც პოლიტიკური მოთხოვნებით გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ ხოლმე.

აქციის გასაშუქებლად ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო მოსული, რომელთა უმეტესობა გაღიმებული სახით იღებდა კადრებს და იწერდა კომენტარებს. ერთ-ერთ ფოტოგრაფს ვკითხე - ამ ყველაფერის შემხედვარეს რა გაცინებს-მეთქი და სიმწრის სიცილიო, - მომიგო.

ორის წუთებზე აქციაზე ორი უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა. მათ კამერების წინ დაუზარებლად დაიწყეს პოზიორობა - ერთმანეთს კოცნიდნენ. 51-ე სკოლიდან ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად გადმოდიოდნენ და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ.

აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, თავიანთი დროშებით,  პლაკატებით და თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. ახალგაზრდა ქალი მიჰყვებოდა და გაცხარებული ეუბნებოდა, რომ ისინი საქართველოში ვერ შეძლებდნენ გაბატონებას. ერთი საყურიანი, გრძელთმიანი ბიჭი მოუბრუნდა და ნეტავ შენ, რომ ამის ლაპარაკი არ გეზარებაო. შენ არ გეზარება ამ პლაკატებით ქუჩაში სიარული-მეთქი, - ვკითხე და ამაზე მიპასუხა - “მე გეი ვარ და ამით ვამაყობო“.

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მეცნიერებათა აკადემიამდე მშვიდად მივიდნენ. გაჩერებასთან, იქ სადაც კიბეებზე ნახატებს ჰყიდიან, “მართლამდიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უთხრეს, რომ მათ არ გაატარებდნენ.

ჩემი თვალით არ დამინახავს, მაგრამ, როგორც რუსთაველის გამზირზე დამხვდურებმა მითხრეს, ლურჯფორმიანი პოლიციელების და კუდის თანამშრომლების მობილიზება სწორედ ამ ადგილზე  მომხდარა, აქციის მონაწილეების მოსვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე. 

ცოცხალ ჯაჭვში სასულიერო პირები და წვეროსანი ახალგაზრდები იდგნენ. მეც მათთან ერთად დავდექი. უცებ, “თიბისი“ ბანკის წინ, კიბეებზე დაახლოებით 22 წლის ახალგაზრდა კაცმა ხმამაღლა დაუწყო გინება აქციის მონაწილეებს, მივარდა და პლაკატები და დროშა დაუხია. ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით), ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. სხვათა შორის, ეს ახალგაზრდა თვალს ისე მიეფარა, რომ იქვე მდგომ დაახლოებით ორასამდე პოლიციელს ამ ახალგაზრდის დაკავება არ უცდია.  

რამდენიმე წუთის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე ვიღაცეები სამართალდამცავებმა შავ “ჯიპში“ ჩასვეს და წაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის და სახალხო დამცველის ტელეფონების ძებნა დაიწყეს - ჩვენები დაიჭირეს და უნდა შევატყობინოთო. შემდეგ ერთმანეთი გააფრთხილეს - ტაქსებში ჩაჯექით და სახლებში იყავით, იქიდან შევეხმიანოთ ერთმანეთსო.

პირველ საათზე დაწყებული ე.წ. გეიაღლუმი, რომელიც ვერ შედგა, დაახლოებით სამი საათისთვის დასრულდა. სხვათა შორის, შეხლა-შემოხლების დროს, კიბეებზე დალაგებული, არც ერთი ნახატი არ დაზიანებულა.