„მეგონა, სააკაშვილი მაჭარივით დადუღდებოდა, მაგრამ დაუღვინებლად დაძმარდა“ (VIDEO)

„მეგონა, სააკაშვილი მაჭარივით დადუღდებოდა, მაგრამ დაუღვინებლად დაძმარდა“ (VIDEO)

 

დევნის, ზეწოლისა და პროვოკაციების მიუხედავად სენაკელებმა „ქართულ ოცნებასთან“  შესახვედრად მაინც გააღწიეს. დღის ორი საათისათვის, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში დაგეგმილი შეხვედრა შედგა, თუმცა მანამდე, კოალიციის მხარდამჭერების სოფლებიდან გამოყვანა თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუხდათ. გოგლა ჟვანიამ, ლევან იზორიამ და მურად შამათავამ ნოქალაქევიდან სენაკში ის აქტივისტები გადმოიყვანეს, რომლებიც სოფლის რწმუნებულის მითითებით მიკროავტობუსის მძღოლებმა შუა გზაში ჩამოსვეს. იგივე მოხდა სოფელ ზანასთან, სადაც შეხვედრაზე მიმავალი ორი მიკროავტობუსი კუდ-ის თანამშრომლებმა გააჩერეს და მძღოლებს გზის გაგრძელება აუკრძალეს.

თითო-თითოდ ჩამოსულ მხარდამჭერებს შეხვედრის ადგილზე კიდევ ერთი „სიურპრიზი“ დახვდათ-შენობის შესასვლელთან მდებარე ოთახის ფანჯრებიდან მათ გადაადგილებას კუდ-ის კამერა აკვირდებოდა. კონსპირაციული ობიექტი მყარად იყო ჩარაზული, თუმცა presage.tv-ის კამერამ კუდ-ის ოპერაცია მას შემდეგ ჩაშალა, რაც ფარდებში მოხერხებულად გაჩრილი „ოპერატიული“ ვიდეოკამერა დააფიქსირა.

კოალიციის მხარდამჭერები ხელისუფლებისა სამართალდამცავების ქმედებას მოსახლეობაში შიშის დანერგვას უკავშიერებენ, თუმცა მათი მხრიდან განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებას ფუჭად მიიჩნევენ.

სამეგრელოში შიშის გატეხვის ტენდენციაზე საუბრობდა თავად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც. მისი განცხადებით, შეხვედრის მსურველები ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა ისე, როგორც შეუძლებელია იმ პროცესების შეჩერება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

მიმართვის ტექსტში ალასანიამ იმ პოლიტპატიმრებზეც ისაუბრა, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს. ალასანიას განცხადებით, ასეთი პატიმრები ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან, ხოლო ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისინი წარსდგებიან, ვინც ისინი უკანონოდ ჩასვა ციხეში.

სამეგრელოს მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებულ შიშს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე  ახალაიების ფაქტორს უკავშირებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, ირაკლი ალასანიას მიერ რეგიონის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები, ხშირი კონტაქტები და ზუგდიდში დაბინავება, არსებულ სიტუაციას სრულიად შეცვლის.

რთული ფონის მიუხედავად სენაკში გამართული შეხვედრის მონაწილეები ერთ-ერთი გამომსვლელის, 90 წლის აკაკი კანკიას მიმართვამ გაახალისა და დარბაზში ოვაციებთან ერთად სიცილ-ხარხარიც გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მომხრე შეკრებილ საზოგადოებას იმ მიზეზებზე ესაუბრებოდა, რამაც სააკაშვილი „დაუღვინებლად დააძმარა.“

შეხვედრის დასასრულს უკმაყოფილება მხოლოდ ერთმა ქალბატონმა გამოთქვა, რომელიც კოალიციის წევრებისგან „5 წუთის მიცემას“ დაჟინებით ითხოვდა. „თამამ“ ქალბატონში სენაკელებმა ნაცმოძრაობის აქტივისტი გული ბარკალაია ამოიცნეს, თუმცა „მტრის ბანაკში“ გაბედულად შემოსული ქალბატონი, რომელსაც ზედმეტსახელით, „გამყალბებელა“ იცნობენ, დარბაზიდან „ღირსეულად“ გააცილეს. მისი „მოსაზრებით“ მხოლოდ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რომლებიც დედაქალაქიდან სპეციალური რეისით „ბარკალაიების“ ჩასაწერად ორ-ორი მიკროფონითა და კამერით ჩამოვიდნენ.