კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა 2 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით , ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ღამის 12 საათზე სანთლების აქცია გამართეს. სიმბოლური აქცია რუსთაველის ქუჩიდან მშვიდობიანი მსვლელობით დაიწყო და აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდა, სადაც ახალგაზრდებმა სანთლებით გამოსახეს წარწერა „გილოცავთ ქუთაისობას“.
კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრთა განცახდებით, მოულოდნელად აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანა გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლი მიუშვა. გამოჩნდნენ უცნობი პირებიც, რომლებშიც აქციის მონაწილეებმა მერიის თანამშრომლები ამოიცნეს. მათ ახალგაზრდებს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდებმა მიმდებარე ტერიტორია თავად დაასუფთავეს და დატოვეს.