მოსამართლეთა კორპუსი მიმდინარე წელს აჯამებს. მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მე-15 კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის საანგარიშო სხდომა, სადაც ყოველწლიურ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა წარადგენენ.
მათი საანგარიშო მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მსჯელობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს.
"წლების განმავლობაში მართლმსაჯულების მიმართ ისმის კრიტიკა – ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული კრიტიკა. ეს ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. მთავარია, სასამართლო კორპუსი იყოს ერთიანი და მართლმსაჯულების წარმოების დროს ასახოს მაღალი დონე ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის განმტკიცების კუთხით. ჩვენ, როგორც საჯარო მოხელეებს, გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც ეთიკური სტანდარტების დარღვევის საშუალებას არ გვაძლევს", - განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყების წინ.