საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს

საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს

საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საშემოდგომო სესიის დახურვამდე განაცხადა, როცა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ევროკომისიის დასკვნას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

"დღეს არის 18 დეკემებრი, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ საშემოდგომო სესიას ვხურავთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ამბავი იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება. უვიზო მიმოსვლა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გილოცავთ ყველას. ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს. ტექნიკურად, კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მანამ სანამ თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს ევროპაში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, რომლებმაც იშრომეს ამ მიმართულებით. ამ ფონზე დარწმუნებული ვარ ყველა განსაკუთრებული სიამაყით მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, რომელიც ამ დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმება სესიის დამთავრების გამო", - ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა საშემოდგომო სესია დახურა.