BBC - თბილისმა ივანიშვილის აქციები გაყინა

BBC - თბილისმა ივანიშვილის აქციები გაყინა

საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღებას რუსული BBC გამოეხმაურა. BBC-ის ინფორმაციით, სამშაბათს, საქართველოს ეროვნული აღსრულების ბიურომ,  განაცხადა, რომ ქართველი მილიარდელისა და ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ნაწილი გაყინა.

საქართველოს ხელისუფლებამ დააყადაღა ივანიშვილის აქციები „ბანკ ქართუში“ და „ქართუ ჯგუფში“  ასევე, აქციების  21,7% „პროგრეს ბანკში“

აღსრულების ეროვული ბიურო ჩართულია სააპელაციო სასამართლოს საქმეში, რომელმაც ივანიშვილს ქვეყნის ბიუჯეტში ჯარიმის სახით 45,5 მილიონი აშშ დოლარის შეტანა მოსთხოვა.

„აქციათა დაყადაღება ხელს არ უშლის აღნიშნული ბანკების ჩვეულებრივ საქმიანობას. ასევე გაცნობებთ, რომ თანხის ნებაყოფლობითი გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება“- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მეირ გავრცლებულ განცხადებაში.

მილიარდელი,  სასამართლომ საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის გამო დააჯარიმა, თუმცა ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

უკანონო შემოწირულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით,  „გლობალ ტივი“-ს სატელიტური ანტენების დაყენების დაფინანსებასა და პოლიტიკური პარტია  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“  პრაქტიკულად, უფასო ავტომომსახურების გაწევაში გამოიხატებოდა.

ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კონკურენტად ითვლება, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „ბანკი ქართუს“ 100% აქციების მფლობელი კომპანია „ქართუ ჯგუფია“, რომელიც, როგორს საქართველოს აღსრულების ბიურო თვლის, მთლიანად ივანიშვილს ეკუთვნის .

ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ არც ერთ ამ კომპანიაში ივანიშვილი აქციებს არ ფლობს და „ქართუ ჯგუფი“ რამდენიმე უცხოურ კომპანიას ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განიცხადა, რომ ივანიშვილი ფლობს „პროგრეს ბანკის“ აქციათა ნაწილს.

 თავად მილიარდერმაც ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ, განუცხადა, რომ სავარაუდოდ, არც ერთ ქართულ კომპანიაში წილი აღარ აქვს. სამაგიეროდ იგი ფლობს ქონებას საჩხერეში, ბაკურიანსა და ურეკში.

ამიტომ, ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ყველა ქონება დააყადაღოს, რაც მის სახელზეა გაფორმებული.