ნაციონალების პირველი ნომერი –  მაჭავარიანი თუ ბაქრაძე?

ნაციონალების პირველი ნომერი – მაჭავარიანი თუ ბაქრაძე?

ვინ ჩაუდგება საპარლამენტო სიას სათავეში? მიხეილ მაჭავარიანი თუ დავით ბაქრაძე? საპარლამენტო სიის პირველი ნომრის ვინაობას მმართველი გუნდი ამ დრომდე საგანგებოდ ასაიდუმლოებს.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის ყოველ კვირა ზომავს სიაში შესაყვანი კონკრეტული პიროვნებების რეიტინგებს და ამის მიხედვით აპირებენ სიის პირველი ათეულის შედგენას.

კარგა ხანია საუბარი მიდის იმაზე, რომ დავით ბაქრაძე შესაძლოა სხვა ნაციონალით ჩანაცვლდეს და სიის პირველი ნომერი აღარ იყოს. ეს ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საქართველოში ვიზიტად მყოფ ჰილარი კლინტონს დავით ბაქრაძე არ შეახვედრეს. იმ დროს, როდესაც ჰილარი კლინტონი ბათუმში სხვადასხვა დონის შეხვედრებს მართავდა, პარლამენტის სპიკერი ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახს სტუმრობდა.

რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანს, ის ბოლო პერიოდში საკმაოდ დაწინაურდა და მმართველი პარტიის გენ.მდივანი გახდა. მას არჩევნებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ სიის პირველ ნომრადაც მოიაზრებენ. თუმცა, ყველაფერი სააკაშვილზეა დამოკიდებული და ამიტომაც, ნაციონალები „მოკრძალებული“ სიმშვიდით ელიან სიას და მასში საკუთარ ადგილს.

ცნობილია, რომ ნაციონალების სიის ათეულში ახალი სახეები იქნებიან. ათეულში მოხვდებიან: დავით საყვარელიძე, გიორგი კარბელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

სიის ათეულში ნაციონალებს ერთი ქალი ეყოლება და ეს სავარაუდოდ ჩიორა თაქთაქიშვილი იქნება. მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და ასეთი ზოგადი კომენტარი გააკეთა: “ეს საკითხი ახლა ჩემთვის მნიშველოვანი არ არის“.

სიის ოცეულში, სავარაუდოდ, მოხვდებიან: ნუგზარ წიკლაური, გივი თარგამაძე, ხათუნა ოჩიაური, ხათუნა გოგორიშვილი, სამსონ ქუთათელაძე.

რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის აქტიური სახე საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება. ამის შესახებ თავადაც იციან და საკუთარ ბედს „შეგუებულნი“ არიან.