გადაღებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ ეკრანს კვლავ იხილავს კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმი „ქაჯანა“.
ეს ერთი იმ ქართულ ფილმთაგანია, რომელიც დროის მსახვრელ ხელს გადაურჩა. ეიზენშტეინის ასისტენტს - კონსტანტინე პიპინაშვილს თავდაპირველად გათვალისწინებული ჰქონდა მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ფილმი შეექმნა. ახალგაზრდა კინორეჟისორმა შემოქმედებითი კოლექტივის მხარდაჭერით, მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის გამოყოფილი სახსრებითა და ფილმის ჩაბარების ვადის დაცვით, შეძლო გადაეღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული საბავშვო ფილმი.
რეჟისორ კ. პიპინაშვილთან ერთად, ეს სურათი პირველი სერიოზული გამოცდა იყო კინემატოგრაფიაში კინოსცენარისტ კარლო გოგოძისათვის, ოპერატორ ფელიქს ვისოცკისა და კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანისათვის.
„ქაჯანას“ იმთავითვე წარმატება ხვდა წილად. ქართულმა პრესამ იგი ჩვენი კინემატოგრაფიის მიღწევად აღიარა.
ახალგაზრდა კინორეჟისორის მიერ ეროვნული კინემატოგრაფიის საუკეთესო მიღწევათა შემოქმედებითად ათვისების გარდა ფილმში ჩანს, რა კეთილისმყოფელი გავლენა მოუხდენია კ. პიპინაშვილზე დიდოსტატ ეიზენშტეინთან კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გატარებულ წლებს.
კ. პიპინაშვილმა თავის პირველსავე ნამუშევარში შეძლო ნიკო ლომოურის „ქაჯანას“ კინემატოგრაფიის ენაზე ამეტყველება, ოსტატურად ხორცშესხმა. ეს ოსტატობა დღესაც გხიბლავთ და ცოტათი გიკვირთ კიდეც, რომ ფილმი ოცდახუთი წლის წინათ არის გადაღებული.
ლიტერატურული ტექსტის კინემატოგრაფიულად ესოდენ ბედნიერად „გარდასახვას“ ხელი შეუწყო რეჟისორის ჭეშმარიტად კინემატოგრაფიულმა აზროვნებამ, კულტურამ და დიდმა მონდომებამ, სურათის მთლიან იდეურსა და მხატვრულ კონცეფსიასთან ცალკეული დეტალების მეტყველმა და აზრიანმა შერწყმამ.
წარმატების განმსაზღვრელ სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ფილმში აშკარად ჩანს რეჟისორის მსახიობებთან მუშაობაც. მართალია „ქაჯანაში“ მონაწილეობდნენ ქართული თეატრისა და კინოს სახელგანთქმული ოსტატები - ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე და სპარტაკ ბაღაშვილი, რომელთაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს, მაგრამ ფილმში, უწინარეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს თავისი მოულოდნელი, რაღაც სტიქიური აქტიორული ალღოთი და სულიერი მდგომარეობის საოცრად ზუსტი, პლასტიკური გამოსახვის უნარით დაჯილდოებული პატარა გოგონას, ქაჯანას დის კატოს როლის შემსრულებელი მოსწავლე ლეილა აბაშიძე.
ამ ფილმში ლეილა აბაშიძე კ. პიპინაშვილის ყველაზე თვალსაჩინო რეჟისორული აღმოჩენაა. კ. პიპინაშვილმა ცხადყო, რომ, თუ რეჟისორს ალღო გააჩნია, იგი შეძლებს გამოავლინოს მსახიობის პოტენცია და ნიჭი.
ლეილა აბაშიძის თამაშში მარტო ბავშვური უშუალობა როდი შეინიშნება. რეჟისორის დახმარებით იგი ისეთ ძნელად გადასაწყვეტ ამოცანებს ისახავს და ეჭიდება, რომ თუ არა რეჟისორის მსახიობთან მუშაობის განსაკუთრებული უნარი, მსახიობი ვერ შეძლებდა ამ სიძნელეთა გადალახვას და ესოდენ თვალსაჩინო წარმატების მოპოვებას.
თავისი მხატვრული ღირსებებით „ქაჯანა“ ჩვენი ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მიღწევად მიგვაჩნია. იგი მეტად საგულისხმო ნაწარმოებია იმ მხრივაც, რომ ჩემი აზრით შეიცავს სწორედ იმ ელემენტებს, რომლებიც ომის შემდგომ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შემოიჭრა იტალიური ნეორეალისტური ნაკადის სახელით.