გია ვოლსკი: ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, რაც არა თუ არ გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე, არამედ საპირისპიროდ იმოქმედა

გია ვოლსკი: ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, რაც არა თუ არ გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე, არამედ საპირისპიროდ იმოქმედა

რასაკვირველია, ვაშინგტონში და ბრიუსელში ჩვენი პოზიცია კარგად ესმით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

თანამშრომლობის რესურსი პარლამენტში - პოლიტიკური პოზიციები - „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს გიორგი ვოლსკიმ უპასუხა
მსგავსი: თანამშრომლობის რესურსი პარლამენტში - პოლიტიკური...
„ის არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამბობს, გეშინიათ და იმიტომ ვერ წერთ რუსეთსო. უპასუხისმგებლობაც არ ჰქვია იმას, რასაც გვთავაზობენ. რა დავაკელით ამ რეზოლუციას?! არ აღვნიშნეთ, რომ ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი მისწრაფება?! არ აღვნიშნეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველამ, ვინც ამ საკითხშია ჩარეული, თუ რა თემა დავაკელით?! ის, რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით – ის ცუდი ბიჭი ისა თქო?! შეაგინე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩსო, შესაგინებელი კი არის, მაგრამ რეალურად, სიტუაციაში, რომელიც დღეს შეიქმნა და ფრონტის იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას. აი, აქედან გამომდინარე ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს რეზოლუცია – საქმიანი, ზუსტად აღნიშნავდეს ჩვენს მისწრაფებებს, საგარეო კურსის მიმართულებებებს და მოუწოდებდეს ყველას იმისკენ, რისკენაც თვითონ ზელენსკი მოუწოდებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გიორგი ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რატომ არ ჩაიწერა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში სიტყვა რუსეთი, რასაც ოპოზიცია ითხოვდა.

მისი თქმით, 2008 წლის ივლისის პირველი რიცხვებიდან, როცა რუსეთის არმია საქართველოსთან მიმართებაში იგივე მდგომარეობაში იყო როკის გვირაბთან, იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ისეთივე ამბავი აეტეხა, როგორც ეს უკრაინამ დღეს გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი იტალიაში დასასვენებლად წავიდა.

„რუსეთის წარმომადგენლის რეკომენდაციით წავიდა კურორტზე, ჩამოვიდა და თქვა, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენსო. 6 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არაფერს არ ნიშნავს. არც უშიშროების საბჭოს მიმართეს და არაფერი. ეს არის ადამიანთა დიდი გუნდი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენ ხელი შეკრული გვქონოდა და სუსტ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით მოწინააღმდეგის მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ არის დანახული საქართველოს უსაფრთხოების კონცეფტი ხელისუფლებაში, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქროს და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები სწორედ აქედან გამომდინარეობს.

„ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, რაც არა თუ არ გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე, არამედ საპირისპიროდ იმოქმედა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა ფორმატში განიხილება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, რადგან საქართველოს უშიშროების საბჭო 13 დეკემბრის შემდეგ არ შეკრებილა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატი გულისხმობს ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობას და შეიძლება, ამ ფორმატს უშიშროების საბჭოს შეკრება არ ერქვას, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ეს ფორმატი დისტანციურად, ან ფიზიკურად ყოველდღიურად ტარდება.

„თებერვალში, პარლამენტში უსაფრთხოების ახალი კონცეფცია უნდა იქნას წარმოდგენილი. არ ვიცი, თებერვალში თუ მოვასწარით ამის გაკეთება, მაგრამ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ჯარის კოდექსი უნდა იყოს გაკეთებული, უსაფრთხოების კონცეფცია და უამრავი სხვა რამ, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის, რომელიც გამოგონილი სკანდალური თემების აგორებით არის დაკავებული, ეს საკითხები მეორეხარისხოვანია.

გიორგი ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი არის ნატოში და მოვა პერიოდი, როდესაც ნატო-ს წევრები ვიქნებით.

„ჩვენი ადგილი არის იქ და მოვა პერიოდი, როდესაც ნატო-ს წევრები ვიქნებით, მაგრამ დღეს, დასავლეთის, ჩვენი პარტნიორების ინტერესებში აბსოლუტურად არ შედის ახალი ცხელი წერტილის შექმნა საქართველოში, გინდ რეზოლუციით იყოს და გინდ კონკრეტული ქმედებებით. ასე არ არის, რომ ნატო-ში მიგიღონ და ბაზის აშენება დაიწყონ ისე, რომ ღამე გათენდა და დილას უკვე, აქ ნატო-ს სამხედრო ბაზა გქონდეს. მერე, ყველა ქვეყნის პოზიცია ერთნაირი არ არის და ასე ნუ ვიტყვით, „ქართულმა ოცნებამ“ რომ თქვას, ისინი აიღებენ და შეთანხმდებიან. ასე არ არის, გაცილებით რთულია პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. დასავლეთს კიდევ დრო რჩება, იფიქროს, რომ ისეთი პრობლემა არ შეგვიქმნას, რომელიც ხვალ შეიძლება, ჩვენი დამარცხებით დამთავრდეს. მაგალითად, გადაწყვიტოს, რომ საქართველო ნატო-ში მიღებულია. ვიდრე ამის წინაპირობას არ შექმნის და არ მოგვისუფთავებს პლატფორმას, სადაც საქართველო უნდა დადგეს, როგორც ნატო-ს ღირსეული წევრი, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.