„სავარაუდოდ, გარე ძალების გავლენით მოხდა ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობებში დამპალი თესლის ჩადება“

„სავარაუდოდ, გარე ძალების გავლენით მოხდა ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობებში დამპალი თესლის ჩადება“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის საქართველო ფულის შოვნის და ძალაუფლებით ტკბობის საშუალება იყო. ხალხის, ბიზნესის ინდუსტრული მასშტაბის ძარცვას ქვეყნის ტერიტორიების, სიმდიდრის და წიაღისეულის უცხოელებზე გაყიდვა მიაყოლა. ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ დავითგარეჯის ნაწილში მატერიალური დაინტერესების გარდა, შენელებული მოქმედების ნაღმის ჩადებაც იყო განზრახული მაშინდელი ოფიციოზის მხრიდან. საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა სწორედ, სამშობლოს გაყიდვის კლასიკური მაგალითია.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, საზოგადოებაში არ ცხრება ვნებათაღელვა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის და საზღვრების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგების გარშემო. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, საქმის მასალებიდან გამომდინარე გაიზრდება ბრალდებულთა წრე. ე.წ. საუკუნის საქმე, სადაც პირდაპირ იკვეთება სამშობლოს ღალატის ფაქტი, პოლიტიზირებას ვერ აცდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?

ირაკლი გოგავა: საქართველოს ისტორიაში ღალატის ბევრი ფაქტი ყოფილა. ყოფილან ისეთი პერსონაჟები, მაგალითად იასე ფალავანდიშვილი, რომელმაც 1832 წლის სოლომონ დოდაშვილის, ალექსანდრე ორბელიანის, ელიზბარ ერისთავის და სხვა ქართველი თავადების პატრიოტული შეთქმულება გასცა. იყო კახაბერ ყორღანაშვილი, რომელიც ყიზილბაშებს მოუძღოდა და მტერს სიმონ მეფეზე მიუთითა და სიმონ პირველი შუბით განგმირეს. იყო სერგო ორჯონიკიძე, რომელიც წითელ არმიას შემოუძღვა და დაასრულა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო.

ისტორიაში ყოფილა ბევრი ომი, ბრძოლა, ოკუპაცია, ბრძოლით დაგვიკარგავს ტერიტორიები, როცა თავს ზემოთ ძალა აღარ იყო, მაგრამ არ მახსენდება ფაქტი, როდესაც ქართული მიწა ქვეყნის მმართველს პირდაპირ გაეყიდოს. საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა სწორედ სამშობლოს გაყიდვის კლასიკური მაგალითია. ტრაგედია კი ის არის, რომ ამის ჩამდენ ადამიანებს პრეტენზია აქეთ აქვთ, დიდ გულზე არიან და თეთრზე შავს გვიმტკიცებენ.

გარდა იმისა, რომ არაკომპეტენტურები არიან, აჩვენეს, რომ ყველაფერზე არიან წამსველელები. თავისთავად საინტერესოა, როგორ აღმოჩნდნენ კომისიაში?

– სააკაშვილის რეჟიმისთვის საქართველო ფულის შოვნის და ძალაუფლებით ტკბობის საშუალება იყო. ასეთ ხალხს სპეციალურად არჩევენ წინასწარ. ხალხის, ბიზნესის ინდუსტრიული მასშტაბის ძარცვას ქვეყნის ტერიტორიების, სიმდიდრის და წიაღისეულის უცხოელებზე გაყიდვა მიაყოლეს. გაუგონარი ამბავია, რუკები გადამალეს, რომ საქართველოს დაეკარგა ისტორიული ტერიტორიები. ვფიქრობ, რომ მატერიალური დაინტერესების გარდა, საზღვრის საკითხში შენელებული მოქმედების ნაღმის ჩადებაც იყო გაზრახული მაშინდელი ოფიციოზის მხრიდან.

რა ძალების ინტერესში შედიოდა შენელებული ნაღმის ჩადება?

– სავარაუდოდ, გარე ძალების გავლენით მოხდა ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობებში დამპალი თესლის ჩადება, რომელსაც უკვე დღეს მოაქვს არცთუ ისე პოზიტიური შედეგები ორი ქვეყნის ურთიერთობებში. სააკაშვილის დანაშაული გასაგებია, სწორედ ის არის გადაწყვეტილების მიმღები – მის გარეშე წარმოუდგენელია ასეთი საკითხი ვინმეს გადაეწყვიტა. მაგრამ სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ვერ გათვალა ეს, არადა უნდა გაეთვალა და უარი ეთქვა ასეთ მოლაპარაკებაზე.

საქართველოსგან გასხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით მკაფიოდ მიუყვება თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე აგებულ პოლიტიკას შინ და გარეთ. ამიტომ ორმაგად გასაოცარია, რომ ბაქოდან დაუშვეს საქართველოსთან მომავალ ურთიერთობებში ხინჯის გაჩენის ალბათობა. სავარაუდოდ, აზერბაიჯანული სტრუქტურების ქვედა რგოლების „დამსახურებაა“, რაც მოხდა. დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის საქართველოს ტერიტორიები დათმოს ფულის თუ ბიზნეს წილების სანაცვლოდ და დახარბდნენ ამ სიტუაციას, მაგრამ ეს მაინც არ უნდა დაეშვათ.

ილჰამ ალიევმა ყველაზე კარგად იცოდა და იცის სააკაშვილის უპასუხისმგებლობა და სიხარბე. ეს ნაბიჯი ბაქოს მაინც არ უნდა გადაედგა. საზღვრის საკითხი დასრულებული არ არის და თბილისსაც და ბაქოსაც საშუალება აქვთ საკითხი ღირსეულად მოაგვარონ, როგორც ეს კეთილ მეზობლებს და სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ, ანუ 1994 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც 1938 წლის რუკაზეა დაფუძნებული.

2007 წელს ერთ–ერთ თავის ინტერვიუში მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ საზღვრის მიმდებარე სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანის მხარეს მოხვდება, რადგან მათ ეს სჭირდებათო. როგორ უნდა შეფასდეს მსგავსი მიდგომა?

– როგორც ქვეყნის ღალატი და სიხარბეზე დაფუძნებული არაკომპეტენტურობა, გამყარებული დასავლეთიდან მიღებული სრული კარტ–ბლანშით. დღეს რომ დახედოთ საზღვრის ხაზს, თუნდაც გუგლის ელექტრონულ რუკაზე, ნახავთ, რომ სიმაღლეებთან სამკუთხედებია შემოჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ეს სააკაშვილის, მელაშვილის და ილიჩოვა–ბადალიანის „შემოქმედების“ ნაყოფია. ეს ხელისუფლება კი უკვე 9 წელია მართავს და მხოლოდ ბოლო წელიწადია, რაც ეს თემა ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურობით გაიხსნა. მანამდე 8 წლის განმავლობაში მელაშვილი წყნარად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აქ ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა – რატომ ინარჩუნებდა ამ კადრს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

– ეს კითხვას აჩენს ამ უწყების ყველა ხელმძღვანელის მიმართ. მეზობელ ქვეყანასთან დაუდგენელი საზღვრის საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, რომ არ ამოიკითხო ეს ამბავი?! მიუხედავად ძლიერი საკადრო რესურსისა, რომელიც საგარეო სისტემას ყავს ელჩებად, დიპლომატებად, ეს სტრუქტურა წლებია პროტოკოლის სამსახურის ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე საგარეო–პოლიტიკურს. მათგან ამ საკითხში პოზიტივის მოლოდინი არ მაქვს, ეს, უბრალოდ, აღემატება მათ მასშტაბებს და შესაძლებლობებს. ეს თემა პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა „გაქაჩონ“. აზერბაიჯანთან ურთიერთობების აქსელერაცია აუცილებელია, მით უფრო ყარაბაღის ცხელი ფაზის შემდეგ, რაც სრულიად ახალი რეალობა გაჩნდა.

ფიქრობთ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობების განახლებაა საჭირო? რას გულისხმობთ ურთიერთობების აქსელერაციაში?

– დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის თემა დალაგებადია, თუ საქართველოდან სერიოზული ხალხი ჩაერთვება და არ მოხდება სიტუაციური ლავირება. აქ პირადად პრემიერის როლს მკაფიოდ ვხედავ. შევარდნაძეს და ჰეიდარ ალიევს სხვა შეთანხმებები ჰქონდათ, რომელიც შემდგომ სააკაშვილმა გაყიდა. მაშინ ნავთობტერმინალები ბაქოშიც და შავი ზღვის სანაპიროზე ქართული მხარის იყო, შეთანხმებული იყო თანამედროვე იაპონური ტექნოლოგიებით ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის გახსნაც სუფსაში.

და რატომ არ შედგა შეთანხმება?

– წინა ხელისუფლების უუნარობის და სიხარბის გამო ტერმინალები ახლა „სოკარის“ არის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აზერბაიჯანმა თურქეთის ჯეიჰანში გახსნა. ამავე დროს „სოკარი“ საქართველოს საავტომობილო საწვავის საცალო ბაზრის თითქმის მეხუთედს ფლობს. აზერბაიჯანმა მიიღო უდიდესი პრეფერენციები საქართველოს ბაზარზე და გააჩინა ლეგალური ფულის დიდი ბრუნვა ქვეყანაში, რითაც საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა ზოგიერთ რეგიონში.

ქართულ–აზერბაიჯანული თანამშრომლობის უდიდესი პერსპექტივები არსებობს. ევროპა ნავთობზე ნაბიჯ–ნაბიჯ უარს ამბობს. დიდმა ბრიტანეთმა შიგა წვის ძრავა აკრძალა 2025 წლიდან, მაგრამ ბუნებრივი აირის მოხმარება შემდეგი ათწლეულები გაიზრდება. ვფიქრობ, რეალისტურია ტრანსკასპიური გაზსადენით თურქმენული და ყაზახური გაზის შავ ზღვაზე მოტანა, აქ დაპრესვა თხევადი სახით და სპეციალური ტანკერებით ევროკავშირსა და უკრაინაში გატანა.

ეს პროექტი რომ განხორციელდეს, საქართველოს გაზით უკვე სრულად იქნება უზრუნველყოფილი...

– ამ პროექტს ღრმაწყლოვანი პორტიც სჭირდება ანუ ანაკლიას რეალური ფუნქცია გაუჩნდება ნაცვლად იმ 100 მლნ. ტონა ეფემერული ტვირთებისა, რომელზეც ზოგიერთი საუბრობს. ბაქოში ორგანიზაცია „ტრასეკას“ ოფისია გახსნილი და „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის თავიდან რეაქტივაციაა საჭირო. სააკაშვილმა „აბრეშუმის გზა“ რუსეთს გადაულოცა და დღეს რუსეთი წელიწადში 70 მლნ ტონა ჩინურ ტვირთს ევროპისკენ ატარებს. გასაგები რომ იყოს, 1 ტონა მშრალი ტვირთის გატარება მინიმუმ 10 დოლარია.

საქართველოში ტვირთბრუნვა კი 2000 წელთან შედარებით განახევრდა. იმ პირობებში როდესაც ჩინეთს მიანმაზე ანუ ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი სამხედრო გადატრიალების გზით გადაუკეტეს, ვფიქრობ, ჩვენი მარშრუტი კვლავ აქტუალური შეიძლება გახდეს. „აბრეშუმის გზის“ ძირითადი მარშრუტები კვლავ ირან-თურქეთსა და რუსეთზე დარჩება, მაგრამ დამატებით 10-20 მლნ ტონა ტვირთის მიღება/გადამუშავება სავსებით რეალურია რამდენიმე წელიწადში.

ყარაბაღის კონფლიქტი რა ახალ შესაძლებლობებს აჩენს ჩვენს რეგიონში?

– ვფიქრობ, აზერბაიჯანის და სომხეთის ხალხები მალე დაიწყენებ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას. უკვე შეთანხმდნენ სატრანსპორტო კორიდორების ურთიერთგაცვლაზე. სომხეთი სტეპანაკერტს უკავშირდება, ხოლო აზერბაიჯანი ნახჭევანს სომხური ზანგეზურის პროვინციის გავლით. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი „კავკასიური სამეულის“ ჩამოყალიბებაზე – ჯერჯერობით დიალოგის პლატფორმად, შემდეგ კი ბევრი სათანამშრომლო თემა გამოჩნდება. თუ სამივე ქვეყნის ელიტები სიბრძნეს გამოიჩენენ, შესაძლებელია, მინი ევროკავშირის ჩამოყალიბება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გლობალური ძალები „გვათრევენ“ ისე, როგორც მოესურვებათ და ჩვენი საუკეთესო აქტივები მათ ხელში გადადის ნაბიჯ–ნაბიჯ.

ახლა სასამართლო სისტემის წაღებაც მოინდომეს კანონის უზენაესობის ლამაზი ლოზუნგის საფარქვეშ. ელიტის მოსყიდვით, ბულინგით, რეალისტურად მოაზროვნეების მიჩქმალვით, თუ მე–5 კოლონის დაფინანსებით ახერხებენ საკუთარი ინტერესების გატარებას, ზოგ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზეც. აზერბაიჯანსაც არ აქვს სტერილურად საქმე – რამდენჯერმე სცადეს იქ ხელისუფლების დამხობა უახლეს ისტორიაში და კიდევ შეეცდებიან, თანაც აუცილებლად. ამიტომ ერთ პლატფორმაზე გაერთიანება ბევრ ხათაბალას აგვარიდებდა ჩვენც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც.

„კავკასიურ სამეულს“ როგორ უყურებთ, რა ნაწილში ხედავთ ურთიერთობის გაღრმავებას?

– „კავკასიურ სამეულს“ მე უფრო ვუყურებ როგორც ეკონომიკურ გაერთიანებას, ერთიან ბაზარს, სადაც ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ხარისხის სტანდარტები მოქმედებს და საგარეო ვაჭრობაში ერთიანი პოლიტიკით გამოდის. ერთად უფრო ეფექტურად დავიცავთ თავს გიგანტური ძალებისგან, მაგრამ ამავე დროს ეს არ ნიშნავს აღრევას და უკონტროლო მისვლა–მოსვლას. ამ სქემას დეტალურად უნდა დამუშავება. ასეთი გაერთიანება აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც შეიძლება საინტერესო გახდეს.

წარმოვიდგინოთ: აზერბაიჯანის ენერგეტიკული და ფინანსური რესურსები, სომხური დიასპორების გავლენები და ფინანსური რესურსები, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი და მდებარეობა შავ ზღვაზე. ეს სერიოზული 17 მილიონიანი ინტეგრირებული კონგლომერატი იქნება, რომელსაც ვეღარ გაუბედავენ იმას, რასაც დღეს მეტ–ნაკლებად უბედავენ ყველას ცალ–ცალკე. ამ სირვცეში მეცნიერულ დონეზე შეიძლება შრომის სამართლიანი დანაწილება. ვინ რას აწარმოებს?! სად და როგორ ყიდის?! რა ენერგიაა საჭირო და რა წყაროებიდან?! სად არის განათლების ცენტრები?! სამედიცინო ცენტრები, ფარმაცევტიკა, კვების მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია, ოპტიკა, ავეჯის წარმოება, კერამიკა და სხვა. მეზობლებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან აშშ–სთან, ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობები. „კავკასიური სამეული“ პოლიტიკის უმაღლესი პილოტაჟი იქნებოდა, მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგია - ყავს კი ამ სამ ჯერჯერობით სუვერენულ სახელმწიფოს დღეს ისეთი მასშტაბურად მოაზროვნე ელიტები, რომ „კავკასიური სამეულის“ იდეა დაინახონ, შეაფასონ და განახორციელონ? არ მაქვს ამაზე პასუხი. არადა ერთობის გარეშე ცალ–ცალკე შეგვჭამენ და გავხდებით გიგანტური ძალების მომსახურე ბიომასა.