ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არის არაკომპეტენტური და ”თანამდებობისათვის შეუფერებელი“, მაგრამ მისი დაწუნება „კბილის ექიმობის“ გამო, ამ პროფესიის ადამიანების შეურაცხყოფაა. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აცხადებს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა დონის თანამდებობაზე ადამიანების შერჩევის პრინციპი არის ქვეყნის თითოეული მოქალაქის აბუჩად აგდება.
„როგორც წესი, ჯანდაცვის მინისტრი არაა ექიმი და არც სოფლის მეურნეობის მინისტრია აგრონომი. ასეთი წარმოდგენა საბჭოთა ცნობიერების გადმონაშთია.
მინისტრი არის პოლიტიკოსი და კომპეტენტური მენეჯერი. ტიკარაძე არის არაკომპეტენტური და ”თანამდებობისათვის შეუფერებელი”, - აცხადებს გოცირიძე. თუმცა მისივე თქმით, მიუღებელია მინისტრის ბულინგი „კბილის ექიმობის“ გამო, რადგან აქამდე ჯანდაცვის მინისტრი ივანიშვიულის „გულის ექიმი“ იყო და არავის დაუწუნებია.
„მისი ბულინგი ”კბილის ექიმობის” გამო, არის ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა. ივანიშვილის პირადი ”გულის ექიმი” იყო მანანდე მინისტრი და არავინ უწუნებდა ხელობას, უწუნებდა არაკომპეტენტურობას, როგორც დარგის მენეჯერისას. ივანიშვილის მიერ სხვადასხვა დონის თანამდებობაზე ადამიანების შერჩევის პრინციპი არის ქვეყნის თითოეული მოქალაქის აბუჩად აგდება და პატრონ-ყმური, ფეოდალური მიდგომებით ქვეყნის მართვა. სანამ ეს არ მორჩება, არც ამ ქვეყანას ეშველება“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.