ნიკოლოზ სამხარაძე:  ოპოზიციის მიმართ ცალსახა მოწოდებაა, რომ შევიდნენ პარლამენტში, არ მახსოვს, დასავლეთი ასეთი ერთსულოვანი ყოფილიყოს რომელიმე საკითხზე

ნიკოლოზ სამხარაძე:  ოპოზიციის მიმართ ცალსახა მოწოდებაა, რომ შევიდნენ პარლამენტში, არ მახსოვს, დასავლეთი ასეთი ერთსულოვანი ყოფილიყოს რომელიმე საკითხზე

ჩვენი პარტნიორების განცხადებებში ოპოზიციის მიმართ ცალსახა მოწოდებაა, რომ ამომრჩევლის ნება გაითვალისწინონ და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამსახარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დასავლელი პარტნიორების მოწოდებების საწინააღმდეგოდ მოქმედება ეჭვქვეშ დააყენებს მათ მიერ გაცხადებულ დასავლურ კურსს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში არა მხოლოდ ევროპარლამენტარების მოწოდება გამოჩნდა, არამედ გავრცელდა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ერთობლივი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებები. ყველა ამ განცხადებაში ოპოზიციის მიმართ ცალსახად არის მოწოდება, რომ მათ საქართველოს ამომრჩევლის ნება გაითვალისწინონ, შევიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო ცხოვრება გააგრძელონ. არ მახსოვს დასავლეთი ასეთი ერთსულოვანი ყოფილიყოს რომელიმე საკითხზე. თან ეს ერთეული განცხადებები არ არის. ეს განცხადებები კეთდება ბოლო სამი კვირის განმავლობაში. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს ოპოზიცია საბოლოო ჯამში, დადებითად გამოეხმაურება, მათ მოწოდებებს გაითვალისწინებს და ქვეყნის დემოკატიიზაციისკენ ზრუნვას გააგრძელებს.

როგორც ვიცით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, თუ არ ჩავთვლით ღიად პრორუსულ პარტიებს, თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად დასავლური კურსი აქვს აღებული. შესაბამისად, როდესაც უკლებლივ ყველა დასავლური ორგანიზაცია, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს მათ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამ მოწოდებების საწინააღნდეგოდ სვლა ეჭვქვეშ დააყენებს მათ მიერ გაცხადებულ დასავლურ კურსს“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისივე განცხადებით, არჩევნებზე დარღვევები იყო, თუმცა არც ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში არ არის აღნიშნული, რომ ეს დარღვევები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან დაფიქსირდა.

„დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო. ოღონდ არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში არ წერია, რომ ეს დარღვევები მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან იყო ან საერთოდ, რომ იყო მმართველი პარტიის მხრიდან. ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ დარღვევები იყო. თუ მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას ავიღებთ, მაგალითად, საია-ს შემთხვევაში წერია, რომ მოსყიდვის შემთხვევები ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი იყო, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან. სხადასხვა ძალადობის ფაქტიც იყო ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ეს არის ყველას მიმართ მოწოდება, რომ ერთად იმუშაონ, რათა სამომავლოდ ასეთი ტიპის დარღვევები და ხარვეზები აღმოიფხვრას. ეს მუშაობა სწორედ პარლამენტში უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.