რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით სხვადასხვა კომპრომისული შუალედური შეთანხმების მიღწევა შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული, ამის იქით ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპრომისული ნაბიჯების შედეგად მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება, გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.