კახა კალაძე: მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია

მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ხმა მისცა. „ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, უბრალოდ პატივი უნდა სცენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ პოლიტიკურ პარტიებს. 2020 წლის არჩევნებზე მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს, ვინ კონკრეტულადაა ჩართული ამ მოლაპარაკებებში. თუმცა როგორც პოლიტიკოსი, ვისურვებდი რომ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ფიგურებს, გარე პირების გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკებები. ალბათ, ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ყველაფერს მივაღწიოთ“, - განაცხადა კალაძემ.

დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. მხარეებს შორის უცხოელი პარტნიორების შუამავლობით მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გაიმართა. მესამე რაუნდი კი სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ შედგება.