ამირან გამყრელიძე: ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

ამირან გამყრელიძე: ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, ჯერჯერობით, საქართველოში გვაქვს 0.57%. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, - ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან გთხოვთ, წითელი და მწვანე ზონის სტატუსის საკითხით ნუ მანიპულირებთ, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. დღეს, საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, შეიცვალა თუ არა საქართველოს სტატუსი კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.